when i grow up

დიდობის სურვილი მგონი ძალიან ღრმა ბავშვობიდან იწყება. ჯერ კიდევ მაშინ, დედას ქუსლიან ფეხსაცმელს, პომადას და ტანსაცმელს რომ ირგებ სარკის წინ. ერთი სული გაქვს “ლეგალური” გახდეს ეს ყველაფერი, ყოველ დღე ჩაიცვა და იარო დიდივით გამოწყობილმა. მერე, ცოტა იზრდები და ეს მოთხოვნილება კიდევ სხვა ფაზაში გადადის – მესამე კლასში თუ ხარ – მერვეში გინდა იყო, მეთერთმეტეში თუ ხარ – სტუდენტობა გამოვლილი. 13-14 წლის ასაკიდან საკუთარ სახლზე, სამსახურზე და ოჯახზე ოცნებობ. ან თუ კარიერისტი ხარ მარტო სამსახურზე.  ჩემი თავი ამ პერიოდში, თინეიჯერობისას წარმომედგინა აი ისეთი, ფილმებში რომ საოცრად  სწრაფი დილა აქვთ და გიჟებივით დარბიან, კოლგოტს სადარბაზოში იცვამენ ლამის :) მერე სამსახურის საქმეებით არიან გადატვირთულები და ბოლოს საღამოს ძლივს იცლიან საკუთარი თავისთვის. იმ ასაკში გგონია განვითარების საფეხურის ბოლო ეტაპს მაშინ მიაღწევ ზუსტად.

ახლა დიდი ვარ და შემიძლია უამრავი ტკბილეული ვჭამო, ბევრ მავნებელ საჭმელთან ერთად. ქუსლიანზე სიარული, როგორც წესი, მეზარება,მაგრამ გააჩნია ფეხსაცმლის კომფორტს. დილა სწორედ საგიჟეთი მაქვს სამსახურში წასვლის წინ – ვდგები, ყავას ვიკეთებ, ვემზადები და ვგეგმავ რა უნდა გავაკეთო დღის მანძილზე. გზაში ბევრი დროც მაქვს ფიქრისთვის და ისეთ რამეებზე ვფიქრობ, დიდები რომ ფიქრობენ ხოლმე.
სამსახურიც  მაქვს, ისეთი არა, დედას რომ რაღაცაში მიეხმარები, წახალისების მიზნით ფულს რომ მოგცემს და გგონია შენით გამოიმუშავე. ახლა უამრავი პასუხისმგებლობა და უამრავზე მეტი საქმე მაქვს.
საკუთარი ოჯახი დღეს არ მაქვს, მაგრამ ბევრ ისეთ საკითხზე ფიქრი მიწევს, ვხვდები, რომ ჯერ კიდევ არ ვარ ისეთი დიდი, როგორიც გეგონა რომ მაშინდელი დიდები იყვნენ, შენ რომ პატარაობიდან უყურებდი.

ხანდახან, ყველაზე რთულ ან პირიქით, ყველაზე კარგ მომენტებში ჩემს უმცროს თავთან ვბრუნდები ხოლმე. თვალწინ მიდგას ის განწყობა, როცა ვფიქრობდი როგორი ვიქნებოდი და ვადარებ იმას როგორი ვარ. რამდენიმე თვის წინ ნანომ მომწერა:


უნივერსიტეტი არც ისეთი წარმატებით მაქვს დამთავრებული. უფრო სწორად, დიპლომამდე ორი საგანი მაშორებს, რომლებიც თავის დროზე ჩემმა რთულმა პერიოდმა, მერე კიდევ იმ საინტერესო სამსახურში დაკავებამ დამატოვებინა, რომელზეც თურმე ვოცნებობდი. დანარჩენის მოგვარებაში რას ვგულისხმობდი არ ვიცი, მაგრამ anyway, მიზნის მიღწევაში ყველას გვხვდება დაბრკოლებები. იმედია არავის ჰგონია, რომ ისეთი ადვილია მუშაობა, როგორიც ფილმებში ჩანს. ლამაზად რომ გეჩვენება უძილობისგან გადაღლილი თვალები და უამრავი ყავა, რომელიც გაძლებაში გეხმარება. თუმცა, რა დაგიმალოთ და როცა სასიამოვნო საქმეს ვაკეთებ და შედეგი სახეზეა, ეგ ახლაც, რეალობიდანაც ლამაზი მეჩვენება. მოსიყვარულე ოჯახის პერსპექტივა არ ვიცი როგორ მესახებოდა მაშინ, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იმაზე მეტი დაბრკოლების გადალახვა გიწევს ამისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა საკითხში.  იმაზე ბევრად მეტის გაძლება, ვიდრე მუშაობის გამო უძილობით გამომშრალი თვალები და გადაღლილი გონებაა.

ზოგჯერ ბავშვობის ფონი ძალიან მაძლიერებს, ზოგჯერ პირიქით. ჯერ ვერ ამოვხსენი რა პრინციპით მეცვლება განწყობა, მაგრამ როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თავს, თუ ძალიან დაღლილი ვარ, ან მძიმე პრობლემა მაქვს, ტირილამდე მივდივარ ისე მინდა ისევ ბავშვი ვიყო და ის პრობლემები მქონდეს, რაც მაშინ პრობლემა მეგონა. ყველაფერი შედარებითია.  თუმცა, ალბათ ცხოვრებაც ეს არის, რომ ყველა ეტაპის ყველა დაბრკოლებას აჯობო, გადალახო, რამე ისწავლო და უფრო რთულის გადასალახად გამოიყენო.

თუ სიძლიერის გამოჩენაა საჭირო ჩემი მხრიდან, ამისთვის ძალის მოსაკრებად იმაში დარწმუნება მჭირდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც ვეძებდი. როცა დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ იცვლება და განწყობის შეცვლაც იქვე მთავრდება. უბრალოდ, ზოგჯერ მენატრება ბავშვური პრობლემები, თუნდაც სამ თვიანი არდადეგები და ბოლოს ყელში ამოსვლა ამდენი დასვენების, სოფელში წასვლისას მეგობრებთან დაშორების სამ თვიანი ტკივილი და სკოლის პოპულარული ბიჭები, რომლებიც ყურადღებას არ გაქცევდნენ.
__

well, ასეთი პირადი, თუ გულახდილი, თუ ემოციური პოსტის შემდეგ, საკუთარ თავთან ეჭვი მინდა გამოვთქვა, რომ  ჩემი ბლოგი დაბრუნდა. ამისთვის მადლობა იმ მკითხველებს, რომლებიც აქაურობის მიგდების, ყველაფერი პირადულის მაქსიმალურად კონსერვად შენახვის მიუხედავად, დროდადრო მაინც მწერენ, რომ კითხულობენ (ალბათ ძველ პოსტებს), ვენატრები და უნდათ, რომ კიდევ ვწერდე.

Comments

comments

8 Responses to when i grow up
  1. ვეკო _ sun_waiting პასუხი

    თინი :)

  2. სიყვარულოვნა პასუხი

    ჰუჰ, აი, მე ძალიან ცოტა მინახავს შენნაირი მონდომებული და მშრომლი ადამიანი, იმსახურებ რომ სამსახურშიც და პირადშიც ყველაფერი ხუთიანზე გქონდეს <3

    • Tiny პასუხი

      გავ-აწწ-დი ნათი :) ძალიან დიდი მადლობა <3

  3. მარი პასუხი

    როგორ მომენატრა შენი ასეთი პოსტები.. ყველაფერი კარგად გექნება. მალე ყველაფერს მიაღწევ, მერე კი, დიდი ხნის მერე სიამოვნებით გადმოხედავ შენს წარსულს და გაგეღიმება.

  4. Murdock პასუხი

    მე ძალიან ცოტა მინახავს შენნაირი მონდომებული ადამიანი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Please enter your name, email and a comment.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>